საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თათული ბედოშვილი - ISET-ის პირველკურსელთა რეიტინგის სათავეში 

თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა კვლავ ნომერ პირველია საქართველოს ყველა უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის პროგრამებს შორის - ერთიანი ეროვნული გამოცდების საკონკურსო ქულების მიხედვით.  ISET-ის პირველკურსელების 94 პროცენტმა 100-70%-იანი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვეს. რეიტინგის სათავეში  კი თათული ბედოშვილი მოხვდა, რომელიც საბაკალავრო სწავლებას ISET-ის ეკონომიკის პროგრამაზე გააგრძელებს.  ISET-ის შესახებ თათულიმ ერთ-ერთ სემინარზე შეიტყო, რის შემდეგაც გადაწყვიტა - ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის კურიკულუმს გაცნობოდა. სასწავლო კურსებით დაინტერესებამ უფრო მეტი ინფორმაციის მიღების სურვილი გაუჩინა.

 

 „მიკროეკონომიკურ მოდელირებაზე პიტსბურგის უნივერსიტეტის დოქტორის რობიზონ ხუბულაშვილის სემინარი მოვისმინე. რობიზონ ხუბულაშვილმა მისი წარმატებული კარიერის ყველაზე მნიშვნელოვან  ეტაპზე - ISET ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე ისაუბრა. სწორედ ამან განაპირობა ჩემი გადაწყვეტილებაც, სასურველ პროფესიას დავუფლებოდი საქართველოში ყველაზე გამოცდილ საერთაშორისო უნივერსიტეტში,“ - ასე იხსენებს თათული საკუთარ გადაწყვეტილებას. როგორც ამბობს, მისი არჩევანი კიდევ ერთმა სურვილმა განაპირობა - შეხვედროდა სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს და გაემრავალფეროვნებინა სტუდენტური ცხოვრება, როგორც აკადემიური განათლების მიღების, ისე მდიდარი პროფესიული ქსელის შექმნის კუთხით.

„გამომდინარე იქიდან, რომ ეკონომიკური მეცნიერების ორი უმთავრესი დარგი (მიკროეკონომიკა და მაკროეკონომიკა) საკმაოდ კომპლექსური მიმართულებებისგან შედგება, ჩემი არჩევანიც აღნიშნულ მეცნიერებაზე გავაკეთე, რადგან შესაძლებლობას მაძლევს გავხდე იმ პროფესიის ნაწილი, რომელიც საჭირო და მოთხოვნადია თითქმის ყველა სფეროში.“

მათემატიკისადმი დიდმა ინტერესმა კომაროვის სკოლაში მიიყვანა, მონაწილეობდა შიდა სასკოლო და ქვეყნის მასშტაბით ოლიმპიადებში. „ წარმატებული მოსწავლეებისთვის სკოლა უზრუნველყოფდა საზაფხულო ბანაკებსაც, სადაც, ფორმალურ განათლებასთან ერთად, არაფორმალურ აქტივობებშიც ვერთვებოდით. პროფესიული არჩევანის ფარგლებში, ვხვდებოდით სხვადასხვა წარმატებულ ადამიანს, რომლებიც გვიზიარებდნენ თავის გამოცდილებას, რაც შემდგომში დამეხმარა კიდეც პროფესიული არჩევანის გაკეთებაში,“- ამბობს თათული.

მათემატიკის გარდა, მის ინტერესს სამოქალაქო განათლების საკითხებიც წარმოადგენს. დაინტერესებულია ქალთა უფლებებით, თანასწორობის საკითხებით, ფემინიზმით. „ძალიან მიყვარს კითხვა და ერთ-ერთი ჩემი საყვარელი  წიგნია - მარგარეტ ტეტჩერის ცხოვრება, რომელიც მაგალითია ძლიერი ფემინისტი ქალისა, მნიშვნელოვანი ეკონომიკური წინსვლა რომ მოუტანა თავის ქვეყანას.“

თარიღი: 01/10/2021